ქალაქების საიდუმლო

მეცნიერებს დღემდე ვერ უპოვიათ პასუხი კითხვაზე, საიდან და როდის მოვიდა ეს ხალხი. ერთადერთი, რისი თქმაც ხმამაღლა შეიძლება, ის არის, რომ მაიას ცივილიზაციამ არსებობა სულ მცირე 2000 წლისწინ დაიწყო და ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში არნახულ წარმატებას მიაღწია.




მაიას მთელი ისტორიის მანძილზე მის მიწათმოქმედებას უაღრესად პრიმიტიული ხასიათი ჰქონდა. მაია მიწათმოქმედების ე.წ. საახოე სისტემას მისდევდა: ჯერ ჯუნგლებს გაჩეხდნენ, წაქცეული ხეები რომ გახმებიდა, წვიმების სეზონის დაწყების წინ ცეცხლს წაუკიდებდნენ, ხოლო წვიმების დასასრულს გრძელი, წაწვეტებული მარგილებით ორმოებს ამოთხრიდნენ და შიგ სიმინდის მარცვლებს ჩაყრიდნენ. მოსავლის აღების შემდეგ სხვა ნაკვეთზე გადადიოდნენ – რაკი სასუქს არ იყენებდნენ მიწა დიდი ხნით უნდა ”დაესვენებინათ”. თესვისა და ჭირნახულის აღებისგან თავისუფალ დროს გლეხებს მონებთან ერთად ამუშავებდნენ მშენებლობებზე. ისინი ყოველგვარი საზიდრისა და გამწევი საქონლის გარეშე მიათრევდნენ უზარმაზარ ლოდებს. მხოლოდ ქვის იარაღებით კვეთდნენ დიდებულ ქანდაკებებსა და ძეგლებს. ოსტატობით ისინი ეგვიპტის პირამიდების მშენებლებსაც არ ჩამოუვარდებოდნენ.




მეცნიერება და კულტურა მხოლოდ რჩეულთა – დიდებულთა და ქურუმთა ხვედრი გახლდათ. ისინი სულ უფრო ხშირად იყურებოდნენ ზემოთ, ვარსკვლავებისკენ და ივიწყებდნენ მიწას.

საოცარია, რომ ხალხმა, რომლებმაც უზუსტესი კალენდარი შექმნა და არნახულ წარმატებას მიაღწია მათემატიკასა და ასტრონომიაში, გუთნის გამოყენებაც კი არ იცოდა. ძველი საცხოვრისიდან მათი აყრისა და სხვაგან გადასახლების მიზეზადაც ალბათ სწორედ მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის დაბალი განვითარება იქცა. მიწა, რომელზეც ძველი სამეფო მდებარეობდა, მოუხვნელობისა და ხშირი გადაწვისაგან გამოიფიტა და გაუვარგისდა. მაიას ხალხიც იძულებული გახდა დიდებული ქალაქები, მტკიცედ ნაგები სასახლეები მიეტოვებინა და ახალ, დაუსახლებელ ადგილას ახალი სახელმწიფოს მშენებლობა წამოეწყო.